DPF თანდათან ივსება ნაწილაკებით. ნორმალურ პირობებში ავტომობილის მართვის სისტემა პერიოდულად ახორციელებს რეგენერაციას და ჭვარტლის რაოდენობას ამცირებს.
პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც რეგენერაცია სათანადოდ ვერ სრულდება ან ფილტრში ისეთი ნარჩენებია დაგროვილი, რომელთა მოცილებაც რეგენერაციას არ შეუძლია.
რა პირობები უშლის ხელს DPF-ის ნორმალურ რეგენერაციას?
მწარმოებლის ოფიციალურ ინსტრუქციებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება:
მოკლე მანძილებზე ხშირი მოძრაობა;
ძრავის ხანგრძლივი მუშაობა უქმ სვლაზე;
ძრავის ხშირი ჩართვა და გამორთვა;
ისეთი მოძრაობის რეჟიმი, როდესაც საჭირო სამუშაო პირობები რეგულარულად ვერ მიიღწევა.
მაგალითად: Ford პირდაპირ მიუთითებს, რომ მსგავსი ექსპლუატაცია შეიძლება ხელს უშლიდეს DPF-ის ეფექტურ ავტომატურ გაწმენდას.
რა შეიძლება შეამჩნიოს მძღოლმა?
ავტომობილისა და პრობლემის ხარისხის მიხედვით შეიძლება გამოჩნდეს DPF-ის ან ძრავის გამაფრთხილებელი ინდიკატორი ან შეტყობინება. ზოგიერთ სისტემაში ავტომობილი მძღოლს შესაბამისი მოძრაობის რეჟიმით რეგენერაციის დასრულებას სთხოვს.
თუ ფილტრი დაშვებულ დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, ზოგიერთ ავტომობილში სისტემა რეგენერაციის შესაძლებლობასაც ზღუდავს და საჭიროა ტექნიკური შემოწმება. ხშირად ავტომწარმოებელი ოფიციალურად აფრთხილებს, რომ მოთხოვნილი რეგენერაციის შეუსრულებლობამ შეიძლება DPF-ის ძლიერი გადატვირთვა და საბოლოოდ ფილტრის დაზიანებაც გამოიწვიოს.
ნიშნავს თუ არა DPF-ის შეცდომა აუცილებლად გაჭედილ ფილტრს?
არა.
DPF მთელი ემისიის სისტემის ნაწილია. მის მუშაობაზე გავლენას ახდენს სენსორები, წნევის გაზომვა, ტემპერატურის მონაცემები, ძრავის მუშაობა და რეგენერაციისთვის საჭირო პირობების შესრულება.
ამიტომ მხოლოდ DTC-ის წაკითხვა საკმარისი დიაგნოსტიკა არ არის.
სწორი მიდგომაა: უპირველეს ყოვლისა, კომპეტეტნტური დიაგნოსტიკა
მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, სჭირდება ფილტრს რეგენერაცია, პროფესიონალური წმენდა, შეკეთება თუ სხვა პრობლემის აღმოფხვრა.